შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან თსუ-ში

შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან თსუ-ში

ახალი ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და მომავალ თანამშრომლობაზე  ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის (სდსუ) წარმომადგენლებმა თსუ-ში შეხვედრაზე. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი, სდსუ-ის დეკანები ევგენი ოველსკი, ჯეფ რობერტსი და სდსუ დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამების - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების წარმატებულ ფუნქციონირებაზე გაამახვილა ყურადღება. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული უმაღლესი განათლების პროექტი ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორებში.  საქართველოში სან დიეგოს პროგრამების კურსდამთავრებულთა ბოლო გამოშვება 2023 წელს იქნება.

შესაბამისად, განვიხილავთ თანამშრომლობის გაგრძელებას.“  მისი თქმით, თსუ პირველი უნივერსიტეტია კავკასიაში, რომლის ორმა პროგრამამ - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები - ABET ამერიკული აკრედიტაცია მიიღო.  გრძელდება მუშაობა ქიმიის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. 

„დღეს გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განვიხილეთ  სდსუ-სა და თსუ-ის პარტნიორობა რამდენიმე  პროგრამის ფარგლებში. დაიგეგმა, როგორ უნდა გაგრძელდეს შემდომი თანამშრომლობა ქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის  მიმართულებებზე. იქნება ასევე ახალი პროგრამებიც, მათ შორის, კიბერ უსაფრთხოება,“-აღნიშნა ადელა დე ლა ტორემ.

2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.

 

  

 

amo ბლეფი
3 წლის უკან