„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. პარალელურად, სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ახლობლები და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები მუკბანიანის გათავისუფლებასა და სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვენ. მათივე განმარტებით, სოფლის ყველა შესასვლელს გადაკეტავენ იმისთვის, რომ სამართალდამცავებს გადაადგილების უფლება არ მისცენ.
„აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია - ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ. გვაქვს გზების გადაკეტვის რესურსი. არ ვიცი, რამდენად მოჰყვება ამას დაძაბულობა და წინ ვის წაიმძღვარებს კომპანია. შეიძლება, პოლიცია, სპეცრაზმი, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე... თუმცა, ჩვენ არ გადავდივართ შეტევაზე და ვნახოთ, ისინი რას მოიმოქმედებენ ჩვენი მისამართით. ჩვენ ყველაფერს ველოდებით, მზად ვართ ყველაფრისთვის“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.