„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, - ამის შესახებ ენეერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.
მისი თქმით, ვითარების ანალიზისას, მოსახლეობა არ უნდა შევიდეს შეცდომაში, რომ თუნდაც თურქეთში, ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის.
„ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ამდენად, იგივე თურქეთში ელექტროენერგიის მოხმარება, შესაბამისად ფასი ენერგიაზე, აუცილებლად გაიზრდება, ეს ბაზარი კვლავ მიმზიდველი გახდება ელექტროენერგიის მისაწოდებლად. კონკრეტულად „ელ გრინიც“ კვლავ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ამ ქვეყნისთვის აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მიწოდებაში. ცხადია, როცა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიდის თურქეთში, მან უნდა გაიაროს საქართველო“, - განმარტა ნოღაიდელმა.
როგორც ნოღაიდელმა აღნიშნა, სწორედ აქ არის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნისა და ენერგოჰაბის მომხიბვლელობა.
„ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროენერგიის გარდამქნელი და ტრანზიტის ქვეყანა. ამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აზერბაიჯანში არსებული ჭარბი ელექტროენერგია, საუბარია თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ, ანუ საბაზო ელექტროენერგიაზე, შემოვიდეს საქართველოში, ჩვენთან არსებული მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით გარდაიქმნას იმ ტიპის ელექტროენერგიად, რომელიც ევროპის ბაზარზე შეიძლება გაცილებით ძვირად გაიყიდოს, ანუ პიკის საათების ელექტროენერგიად. ეს შესაძლებლობები და უპირატესობები მომავალშიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.