გუშინ გუმათში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ვარლამ გოლეთიანი და აქციის სხვა ორგანიზატორები დღეს პირველად გამოჩნდნენ რიონის ხეობაში. როგორც გოლეთიანი ამბობს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა პოლიციელების რეაქცია მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებსმიღმა გადასვლა სცადეს. მისივე განცხადებით, ეს საჭირო იმის ლუსტრაციისთვის, რომ მათ გადაადგილების თავისუფლება ეზღუდებათ.
გოლეთიანის განცხადებით, საღამოს საათებში, ხმაური ისევ იქნება - აქციის მონაწილეები კვლავ აპირებენ რკინის ღობესა და კედელზე ხელების რტყმას.
„გვქონდა მცდელობა, რომ ბარიკადის მეორე მხარეს გადავსულიყავით. დავიძარით ხელებაწეულები, უბრალოდ, მშვიდობიანი ფორმით რომ გადავსულიყავით და ვნახეთ, რომ დაგვიპირისპირდა პოლიცია. ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ წინასწარ არ ვიცოდით, პოლიცია რომ გადასვლის საშუალებას არ მოგვცემდა. ჩვენ ეს ყველაფერი იმის ლუსტრაციისთვის გავაკეთეთ, თუ რამდენად უსამართლოა ის პროცესი, რომელიც ახლა რიონის ხეობაში ხდება. რაც შეეხება გეგმას: იმას, რაც ხეობაში გუშინ ხდებოდა, ყოველდღიური სახე ექნება“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
გუმათჰესში წუხანდელი ინციდენტის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს ან ხვალ, ქუთაისის სასამართლოში გაიმართება. უფლებადაცველები აცხადებენ, რომ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
ღამით მომხდარი დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს. შსს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის, ადგილზე სიმშვიდეა, რიონის ხეობა კვლავ რკინის ჯებირებით არის გაყოფილი. კონსტრუქციების ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს კი - ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი.