საქართველოს მთავრობის ინიციატივის ფარგლებში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურში, დღეის მონაცემებით 369 განაცხადი დარეგისტრირდა

საქართველოს მთავრობის ინიციატივის ფარგლებში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურში, დღეის მონაცემებით 369 განაცხადი დარეგისტრირდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისამდე წარმოშობილი მიმდინარე, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები. დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 369 განაცხადი დარეგისტრირდა.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 2021 წლის 31 დეკემბრამდე  განახორციელოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ბიუჯეტში გადახდა.

ამასთან, სანქციების შემცირება ხორციელდება ძირითადი გადასახადის სრულად გადახდის პირობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.

აქვე ავღნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება ყველა გადასახადის გადამხდელს, მათ შორის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროსა და  სასამართლოს სისტემაში.

ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ, გადაწყვეტილება ერთჯერადად აღსრულდება და მიზნად ისახავს გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევას.

საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge საშუალებით და მათი დაკმაყოფილება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება.