ვარლამ გოლეთიანი: მივდივართ თბილისიდან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

ვარლამ გოლეთიანი: მივდივართ თბილისიდან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. უბრალოდ, ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანის განცხადა.

მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოების დღის წესრიგში დგას, ხალხის ერთობით უნდა გადაიჭრას.

„ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა. ის პიკეტირება, უფრო სწორად, გზის გადაკეტვა, რომელიც რამდენჯერმე მოვაწყვეთ, აბსოლუტურად სიმბოლური შინაარსის იყო. უბრალოდ შეჩერდა მოძრაობა დედაქალაქში, მოხდა პარალიზება და ამით დავაფიქრეთ ადამიანები, თითოეული ჩვენგანი რა რუტინაშიც ვართ ჩაბმული, დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ. ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება, არ იცის ამ ყველაფრის შესახებ, ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად დიდია მისი პირადი როლი და მონაწილეობა ამ ბრძოლაში, ჩვენ მოვუწოდეთ და მოვუწოდებთ ამის შემდეგაც, რომ უნდა მოხდეს ჩვენი კიდევ უფრო დიდი გაერთიანება, რათა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დგას საზოგადოების დღის წესრიგში, ჩვენი ერთობით გადაიჭრას და არ მოხდეს ამ პროცესების მართვა იმ გარე, თუ შიდა ძალებისგან, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობენ ჩვენს გამარგინალებას და გაშავებას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა. ახლა მთავარია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, რაც უკავშირდება ბრძოლის წინა ხაზზე წასვლასა და მორალურ ომში ჩაბმას“, - განაცხდა ვარლამ გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს. მათი მოთხოვნის მიხედვით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.