„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, საჩივრის შეტანის ვადები იზრდება, ამასთანავე საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, საჩივრის შეტანის ვადები იზრდება, ამასთანავე საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, საჩივრის შეტანის ვადები იზრდება. ამასთანავე საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

როგორც ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების შეტანის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, ინტერპარტიულ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ შეიქმნას რეესტრი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები საჩივრების შეტანაზე უფლებამოსილ პირებს დაარეგისტრირებენ.

„საჩივრების შეტანის ვადები გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგდა, ერთი დღე იყო 2 დღე გახდა ზოგან, ზოგან კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრდება საჩივრის ელექტრონულად შეტანის შესაძლებლობა. ცესკო ტექნიკურად უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული სახით მოხდეს საჩივრის შეტანა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც იყო ხოლმე საუბარი, არის ის, რომ, სამწუხაროდ, ხშირად არაუფლებამოსილ პირს შეჰქონდა საჩივარი, იმიტომ, რომ ყველა ზუსტად ვერ ერკვეოდა ამ პროცედურებში და არასწორად იყო შედგენილი მინდობილობები, ბევრი გვქონდა ასეთი შემთხვევა. ჩვენ შევთანხმდით ინტერპარტიულ ფორმატში, ცესკო-სთან გვქონდა კონსულტაცია და იქნება შესაძლებელი, რომ გაკეთდეს უფლებამოსილი პირების რეესტრი. არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ პარტიებს შეეძლებათ დაარეგისტრირონ ის წამომადგენლები, რომლებიც მათ ჰყავთ სხვადასხვა ადმინისტრაციაში ელექტრონულად და ექნება შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს, პირი, რომელმაც შეიტანა საჩივარი, არის თუ არა უფლებამოსილი. ეს პრობლემაც, საბოლოო ჯამში, ამ კუთხით მოგვარდება და აღარ იქნება აქაც სპეკულაციებისთვის რაიმე სივრცე",- განაცხადა პაპუაშვილმა.