„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის" სიტყვასა და პოზიციას ფასი არ აქვს. ამ პარტიას საკუთარი, დასაბუთებული პრეტენზია, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ გამოუცხადებია. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა" ცვლილებათა დოკუმენტში რაიმეს არ ეთანხმება, მის წევრებს შეუძლიათ, მოსაზრებები საპარლამენტო ფორმატში გამოთქვან.
„ხვალ არის საკომიტეტო მოსმენა. შეუძლიათ, მობრძანდნენ და მოიტანონ, რას არ ეთანხმებიან, მათი ვარიანტი რა არის და ა.შ. უბრალოდ, ასე ლაპარაკი არაა გამოსავალი. კონკრეტულად უნდა თქვან, რა არ აკმაყოფილებთ, რადგან სხვა პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ, ყველა გააჩნდა საკუთარი შეხედულება და აღმოჩნდა, რომ არ იყო რთული ამ პოზიციების დაახლოება, რაიმე პრინციპული განსხვავება არ ყოფილა. ისინი აგრძლებენ ჩემი და ალეკოს გაუთავებელ ლანძღვასა და გინებას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველთან".