ევროკავშირის ოფისის მისამართი ყველამ იცის, მივიდნენ იქ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ამის შემდეგ გახდებიან ნაწილი იმ დემოკრატიული პროცესის და რეფორმების, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას შეთანხმებულ "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აგონიაშია.
„საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის არასერიოზული. მათ ააყირავეს მოლაპარაკებათა მაგიდა, არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას, პატივი არც კი სცეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, როცა ის ჩამოსული იყო და არც კი მოვიდნენ მასთან შეხვედრაზე. ამიტომ დღეს მნიშვნელობა არ აქვს მათ პოზიციას, მათ თავი დაიმკვიდრეს სამწუხაროდ, როგორც რადიკალურმა პარტიამ, რომლის დღის წესრიგიც არის მხოლოდ რადიკალური, მღელვარებაზე აწყობილი. მათ აქვთ ორი გზა, ან აღიარონ დამარცხება, შემოვიდნენ პარლამენტში, მათ შორის თუ უნდათ, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ. მაგიდაზე დევს 19 აპრილის შეთანხმება, ევროკავშირის ოფისის მისამართი ყველამ იცის, პირველ რიგში უნდა მივიდნენ იქ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ამის შემდეგ გახდებიან ნაწილი იმ დემოკრატიული პროცესის და რეფორმების, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. არიან აგონიაში და ახლა უწევთ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, რომ საკუთარი ხედვა გაგზავნოს ვენეციის კომისიაში.