ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებასთან

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებასთან

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებასთან. მისი მთავარი ღირსება იქნება ის, რომ ეს კოდექსი საბოლოოდ აღმოფხვრის არა ე.წ. არჩევნების გაყალბებას, არამედ ნდობის ამაღლების ძალიან დიდი ბერკეტი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ბლოკების საკითხს, ჩვენ ფაქტობრივად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ. პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს სწორედ იმას, რომ თითოეული პარტია თავისი საარჩევნო სიით უნდა წარდგეს და შემდეგ პარლამენტში მიღებული ხმებიდან გამომდინარე, თუ ამის საკმარისი მანდატი აქვს, პარტია დამოუკიდებლად აყალიბებს მთავრობას. ამის საკმარისი მანდატი თუ არ აქვს, იწყებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებას, ანუ პარლამენტში იწყებს სამთავრობო ბლოკის, კოალიციის ჩამოყალიბებას. ის არგუმენტიც, რომელიც პარლამენტში ჯერ არშემოსულ პოლიტიკურ ძალას აქვს, უკვე ძალიან მოძველებულია“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას 20 მაისს გადაეგზავნა. რეფორმაზე მსჯელობა პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში, დღეს დაიწყო.