საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მაშინ, როცა ოპონენტები ამბობენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე ინსტიტუციაში გადაწყვეტილებებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, აჩვენებს, რომ მათ სამართლებრივი საფუძვლები კარგად არ ესმით. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.
„რას ნიშნავს მორატორიუმი გამოცხადდეს? მართლმსაჯულებაში გამოვაცხადოთ მორატორიუმი? წარმოებაში გამოვაცხადოთ მორატორიუმი? საპარლამენტო საქმიანობაში გამოვაცხადოთ მორატორიუმი და როცა ეს ხალხი ჩამოყალიბდება, გაერკვევა, შემდეგ მოვლენ და განაცხადებენ რამეს? როცა აყენებ პრეტენზიას, თუ ამ პრეტენზიას ვერ დაადასტურებ, ბოდიში უნდა მოიხადო. როცა მათი მხრიდან გვესმის კონკრეტული პირებისა თუ ინსტიტუციების მიმართ თავდასხვა და პრეტენზიები, კეთილი უნდა ინებონ და ეს პრეტენზიები ან უნდა დაამტკიცო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ ეს პრეტენზიები უკან წაიღონ და ბოდიში მოუხადონ როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე საზოგადოებას. მათი მხრიდან შტურმი, ბლოკირება, ინსტიტუციების არახალია, ეს გვესმის, მაგრამ ახლა თუ სასამართლო სისტემაზე მიიტანენ იერიშს, ეს არ იქნება მათი მხრიდან ორიგინალური. ნათლად ვხედავთ, რომ მათი ქმედებები ბლოკირებისა და დესტრუქციის იქით ვერ მიდის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველო" შარლ მიშელის დოკუმენტის სასამართლოს ნაწილის იპლემენტაციამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.