თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნები მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ და ბოლოს, საქართველოს ოპოზიციამაც ცნო, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში ბრძანდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარებულმა არჩევნებმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„არჩევნები ცუდად რომ ჩატარებულიყო, დამერწმუნეთ, არც ევროკავშირსა და არც აშშ-ს ამის თქმა არ მოერიდებოდა, რომ ეს არჩევნები იმდენად ცუდად ჩატარდა, ხელახლა უნდა ჩაატაროთ და არც იმას მოერიდებოდა ეუთო/ოდირს დასკვნაში ჩაეწერა. საუკეთესო არჩევნები არცერთ ქვეყანაში არ ტარდება. საუბარია იმაზე, რომ არ იყო ისეთი ხარვეზები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა შედეგებზე. თამარ ჟვანის გადადგომა კი არა, თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა რომ დადო შედეგი, ეს აღიარა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორობამ და ეუთო/ოდირმა, არამედ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელმაც მეორე თუ მესამე დღეს დადო განსხვავებული მოსაზრება და 2-3 კვირაში შეცვალა თავისი შედეგები, ანუ, თქვა, რომ შევცდი, სწორი იყო თამარ ჟვანია, ცესკო და მისი ხელმძღვანელი გადადგა. თამარ ჟვანია რატომ უნდა გადადგეს, თუკი მისი შედეგები სწორი იყო და ეს აღიარა მისმა ოპონენტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო“ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაშლილიყო. გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ „ბულინგის“ ქვეშ იყვნენ“.
„როგორ ახსნით იმას, რომ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, საქართველოს პარლამენტშია და ჩვენ შევჯერდით საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თავიდანვე, დანარჩენი მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიები სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ „ბულინგის“ ქვეშ იყვნენ, იმიტომ ვერ ხერხდებოდა ჩვენი შეთანხმება. ჩვენ ხომ ამას ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო“ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილიყო. ეს უკვე თავად აღიარეს“,-განაცხადა მაჭარაშვილმა.