ადვოკატი: პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც ის გათავისუფლდება

ადვოკატი: პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც ის გათავისუფლდება

პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც მელიას გათავისუფლება მოხდება, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.