სოზარ სუბარი: ნიკა მელიას ჰქონდა შანსი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და რეიტინგი გაუნულა

სოზარ სუბარი: ნიკა მელიას ჰქონდა შანსი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და რეიტინგი გაუნულა

ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილმა ასწავლა ციხეში შესვლის გზა და არ ასწავლა გამოსვლის გზა. ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ნიკა მელიას აღარც გმირობა გამოუვიდა, აღარც ლიდერობა და აღარც პოლიტიკური ხულიგნობა, რითაც ყოველთვის იყო გამორჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ოპოზიცია ზოგადად, ახლა იძულებული იქნება ეძებოს ახალი ლიდერი. ნიკა მელიას ჰქონდა შანსი მინიმუმ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და გაუნულა რეიტინგი, ეს იყო მისი მიზანი.

თუ ზურაბ ადეიშვილის ნათქვამს გავიხსენებთ მიხეილ სააკაშვილზე, ესაა ადამიანი, რომელიც ქორწილში სიძე უნდა იყოს, ხოლო გასვენებაში მიცვალებული, სხვანაირად არ შეუძლია. ამიტომ სააკაშვილი ვერ აიტანდა თავის გვერდით სხვა ლიდერს და ბუნებრივია ის, რაც საწყალ ნიკა მელიას გაუკეთა“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან სუბარის განცხადებით, ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია ციხიდან გამოსვლა. „მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ტყუილად წელავს საქმეს. რაც შეეხება პარლამენტში შემოსვლას, ოპოზიცია აუცილებლად შემოვიდოდა, ეს მოსალოდნელი იყო. ზუსტად ამიტომ არ შევუჩერეთ მანდატები. დღეს ნიკა მელია ვერავის თამაშს ვერ თამაშობს, სამწუხაროდ ის მართლა დააჯერეს, შეუქმნეს ისეთი აურა, რომ ციხეში თუ შევიდოდა, გამოვიდოდა როგორც გმირი. თუმცა გმირობას ცოტა სხვა რამე სჭირდება... დღეს ნათელია ყველასთვის, რომ ის ციხეში ძალად შევიდა და ახლა ძალად არ გამოდის. მისი ერთადერთი მიზანი იყო დაედასტურებინა, რომ ამ სახელმწიფოში კანონი არ არსებობს, ცხადია მან ამ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ მას ლიდერობის პრეტენზია ვეღარ ექნება და „ნაცმოძრაობას“ მოუწევს ახალი ლიდერის ძებნა“, - აღნიშნა სუბარმა.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.