ამირან გამყრელიძე: შეგვიძლია ვთქვათ - პიკში ვართ

ამირან გამყრელიძე: შეგვიძლია ვთქვათ - პიკში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა ეპიდსიტუაციის მხრივ პიკშია და ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა სტატისტიკური მაჩვენებლის მატებას 2-3 კვირის განმავლობაში ელის. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნისთვის საყურადღებო პერიოდი მაისის ბოლო იქნება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა პიკში ვართ. დიდი ალბათობით რამდენიმე ასეულის ფარგლებში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ მოიმატებს. თუ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ, არ დავიცავთ, შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს არდადეგების დღეები, მობილობის დაცემა და თუ თავს შევიკავებთ დიდი თავყრილობებისგან, შედგეს მოგვცემს, რომ ნახტომისებური ზრდა დიდი არ გვქონდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული.საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 317 719 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 297 676, გარდაიცვალა 4 227 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.