საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას ფეისბუქპოსტს ეხმიანება, სადაც ნარსიამ ის, სხვა პირებთან ერთად, "ქართული ოცნების" ოპერიდან "რუსეთის ბოლო აკორდად" მოიხსენია.
"ლევან ვასაძე, ტახტამცველი შიო მუჯირი, კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და შარდ ტივის (ალტ. ტივი) ტანდემი არის რუსეთის ბოლო აკორდი "ქართული ოცნების" ოპერიდან," - წერს ნარსია "ფეისბუქზე.
დეკანოზი ანდრია კი მას ცილისწამებაში ადანაშაულებს :
"მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ახლა დაუფარავად განაცხადა ეს.
შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად, რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით?
მეგონა, პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა. ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის?
მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?
არ მეგონა, რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს. ნულია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.
ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივი, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი,"- წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქზე".
მადლობა მადლობისთვის, მეგობარ ზვიად (ანდრია) ჯაღმაიძეს!
ასე იყო, პეტერბურგიდან დაბრუნებულს სასულიერო აკადემიაში შეგხვდი. მჯეროდა, რომ თქვენი მიზანი განათლებით და თავმდაბლობით ეკლესიის მსახურება იქნებოდა. დღეს ამას ვეღარ ვხედავ!
სრულიად მოუმზადებლად (ჩემი შეფასებით!) დათანხმდი საქართველოს ეკლესიის მართვის ყველაზე საპასუხისმგებლო ვალდებულებას და ამიტომ, დღეს ყოველ თქვენს განცხადებას შიშით ვუსმენ, რაიმე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ ეკლესიის სახელით. მაგალითისთვის რამდენიმეს შეგახსენებ: 1. ყოვლად დაუსაბუთელბად მოღალატეს და გამყიდველს ეძახით ბნ. მელაშვილს. ამ ბოღმით გასიებლი ადამიანების წინაშე ნუთუ ეს მის სასიკვდილოდ გამეტებას არ ნიშნავს? რის საფუძველზე, მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი რუკების?! შენს ამ ქმედებას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო! 2. რუსეთის სპეცსამსახურებს მთელ მსოფლიოში მიუწვდებათ ხელი (არაერთი შემთხვევაა ამის დამადასტურებელი!) არასასურველი ჟურნალისტების განადგურებაზე. თქვენ ერთი სიტყვაც ვერ დაგაცდენინათ ჟურნალისტმა, რომ გიორგი გაბუნიას მიმართ სიკვდილის მუქარა შეიძლაბა რუსეთის ინტერესებში ყოფილიყო, როცა ეს სრული სიცხადით იკვეთებოდა გაბუნიას წინააღმდეგ ორგანიზებულ საქმეში. რატომ? 3. რაც ტახტამცველი შიო მუჯირის და მისი გუნდის სახელით მართავთ ეკლესიას ერთხელ თუ გამოეცით საპროტესტო ნოტა რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებების წინააღმდეგ აფხაზეთში და სამაჩაბლოში? ერთხელ მაინც? რატომ? 4. რატომ არ მიმართავთ საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური საქმიანობის გასანეიტრალებლად აფხაზეთში და სამაჩაბლოში?
აქ მეტს აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მე შენთვის რუსეთის აგენტი არ მიწოდებია. თუმცა, რამდენიმე თვის წინ სოც. ქსელში გამოჩდა ადამიანების სია, რომელშიც საეკლესიო პირები რუსეთის ე.წ. “გავლენის აგენტებად“ ხართ მოხსენებული. “გავლენის აგენტი“ ნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს არ სჭირდებათ პირდაპირ “ვერბოვკაზე“ გასვლა, რადგან სამიზნე ადამიანები ისედაც მოკავშირეები არიან იმ იდეებისა, რომელიც უნდა განეხორციელებინათ სპეცსამსახურების “ვერბოვკით“. ამიტომ, ასეთ ნიადაგზე მათ ზედმეტი შრომა აღარ უწევთ.
სამწუხაროდ, რუსული მიზნებისთვის დღეს საპატრიარქო ისევ ნოყიერი ნიადაგია. თუ ამის წამკითხველი ფიქრობს, რომ მე ჯიბეში მიდევს თქვენი, შორენას ან “ჟოზეფინას“ აგენტურული დოსიე, ბრიყვი და გონებასუსტია. ვისაც გონება აქვს მას ვთხოვ ქვემოთ შემოთავაზებულ ანალიზში შემისწოროს შეცდომა:
- საქართველოს ეკლესიას რუსული სპეცსამსახურები თითქმის 200 წელი მართავდნენ. 1811 წელს, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მართვა სრულად გადავიდა რუსეთის ხელში. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 1921 წლიდან ქვეყანა ისევ რუსეთის მმართველობას დაექვემდებარა. მოგვიანებით სტალინმა ეკლესია მთლიანად სპეცსამსახურების დანამატად აქცია.
1990 წელს ავტოკეფალიის აღიარების და 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღდებდა 200 წლიანი გამოცდილების მქონე რუსული სპეცსამსახურები საქართველოში: ა) დავტოვოთ ქვეყანა და წავიდეთ ჩვენს საყვარელ რუსეთში, რადგან ამიერიდან ქართველები დამოუკიდებლები არიან ეკლესიურად და სახელმწიფოებრივად და აქ აღარაფერი გვესაქმება? ბ) შევეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აქამდე არსებული რესურსები საქრთველოში დასარჩენად, მათ შორის იდეოლოგიური?
ვინმე ფიქრობს, რომ „ა“ ვერსია ახლოს არის საღ აზრთან?
„ბ“ ხომ ნამდვილად არის?!
რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური საყრდენი, განსაკუთრებით ეროვნული იდენტობის გამორკვევის 90 იანებისთვის დამახასიათებელ იდეათა ორომტრიალში, რელიგია იყო. უფრო სწორად კი საბჭოთა იდეოლოგიზირებული "მართლმადიდებლობა", რომელმაც ეროვნული იდენტობის დაცვა შეითავსა და ამას პატრიარქ ილია II და სამღვდელოების ეთნოფილეტური მოძღვრებებით მიაღწია კიდეც. (აქ ფაქტის კონსტანტაციას ვცდილობ და არა იერარქიის განსჯას!). რა სურდა ამით რუსეთს უმწეო და სუსტი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის? 1. საქ. ეკლესიის გარე სამყაროსაგან სრული იზოლაცია; 2. დასავლეთის დემონიზაცია; 3. მუდმივი შიშის და ისტერიის დანერგივა, რომ თითქოს საფრთხეშია ქართული უნიკალური რელიგიურ-ეროვნული იდენტობა. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთთან ერთობაში დაგვენახა ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი. სწორედ ამგვარი ისტერიის ფონზე აწარმოებს დღემდე ეკლესია მტრის ხატის იდეას ქართულ საზოგადოებაში დასავლური კულტურის დემონიზაციით, რაც კარგად მუშაობს წინასწარ დაშინებულ საზოგადოებაში მაშინ, როცა პ ირიქით, ეკლესია მტრის იდეის არარსებობის ე.ი. მისი სიყვარულით გადალახვის ქრისტიანულ მოძღვრებას უნდა ქადაგებდეს.
რუსეთმა ზემოთ ჩამოთვლილ სამივე მიზანს მიაღწია საქართველოში! ვისი ხელით? - სამღვდელოების!
მამა ანდრია, დღეს თქვენ ამ სამღვდელოებას უჭერთ მხარს და მათი დაცვით აგრძელებთ მართვის რუსულ ტრადიციას საქართველოს ეკლესიაში. ამიტომ, მე მართალი სინდისით გეუბნებით - თქვენ, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის საქმეს აკეთებთ!
მე მეგობრობას პატივს ვცემ და დიახ, ვიცნობ თქვენს ბრწყინვალე ოჯახს, მაგრამ გახსოვდეთ, სასწორის მეორე პინაზე ეკლესია და ქრისტეს მოძღვრება დევს!