"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს, ოპოზიცია ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს და შეეცდება კანონში ძველი ნორმები დააბრუნოს.
ამის შესახებ ვაშაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მიღებული ცვლილებებით კანონი ანტიდემოკრატიულია.
"ყველამ ვიცით, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად გამოეხმაურნენ. სწორედ ჩვენი ინიციატივით შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ საკითხზე. ახლა შევალ და გვექნება საუბარი. წამოვიღე სრული დასაბუთება, რატომ არის ეს ანტიდემოკრატიული კანონი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, გერმანიაზე, საფრანგეთზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უფრო მეტია ეს ჯარიმები საქართველოში, თანაც რამდენჯერმე. ვფიქრობ, ამას უკვე დასაბუთება არ სჭირდება, რომ არ შეიძლება ჯარიმები ამდენად გაიზარდოს. მარტო ჩვენ პარტიას 70 ათას ლარამდე გვაქვს გადახდილი იმ ჯარიმებში, რომელსაც პროტესტის გამოხატვის დროს აბსოლუტურად უკანონოდ გვიფორმებდა სასამართლო. გამოდის, რომ სამჯერ, ოთხჯერ მეტი უნდა გადაგვეხადა. ეს არის ჩვეულებრივი სასჯელი, რომელიც გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში "ქართულმა ოცნებამ". მივესალმები, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. პარალელურად, ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ თუ ვეტო არ იქნება გამოყენებული, ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელის ერთადერთი მიზანი იქნება დავაბრუნოთ ძველი ნორმები, რაც იყო. იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა",- განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება.
დღის განმავლობაში პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში ის შევა.
ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.