დავით მათიკაშვილი: მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო

დავით მათიკაშვილი: მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო

მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

„სახის შენარჩუნებაც სურთ, უნდათ ევროკავშირის წინაშე ცუდად არ გამოჩნდნენ. ამ დროს, რეალურად რაღაც საშუალო გადაწყვეტილებას იღებენ, რომლის შინაარსი და კონტენტი ცოტა გაუგებარია საზოგადოებისთვის - რას ნიშნავს გირაოზე დათანხმება-არდათანხმება. ჩვენ მივიღებთ ამნისტიის აქტს და ნიკანორ მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო მანამდე გირაოსთან დაკავშირებით ცოტათი მეტად რომ გაერკვეს თავის სურვილებში და გმირად გახდომის ნაცვლად, სასაცილო მდგომარეობიდან როგორმე თავი დააღწიოს მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათთვის პოლიტიკურად კარგი იქნება.

თუმცა, ის ნაბიჯები რაც დღემდე გადაიდგა, ის ჩიხი, რაც საკუთარმა ანტისოციალურმა ქცევებმა და გამოუცნობმა სურვილებმა, რაც კიევიდან, მიშა სააკაშვილის თავში მოხარშული სურვილებიდან მომდინარეობს, მართლაც სასაცილო მდგომარეობაში შეიყვანა ეს პიროვნება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღეს, ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.