გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია მიხვდა, რომ ციხიდან გმირად ვერ გამოვა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია მიხვდა, რომ ციხიდან გმირად ვერ გამოვა

ნიკა მელია ორ თვეზე მეტი ვადით იმყოფება ციხეში და როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ იქიდან გმირად ვერ გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ასევე მან, თავისი თანხმობით გირაოზე მოუწოდა ყველას და პირველ რიგში, რადიკალურ ფრთას, რომ მისი პრინციპი, რომ არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭირეს - არ შედგა, ასევე მეორე პრინციპი, რომ არ გადაიხდიდა და ისე გამოვიდოდა ციხიდან - ესეც ვერ შედგა და შესაბამისად, მისი ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ გალაშქრება არავინ უნდა გაბედოს. რაც ყველაზე მთავარია, ის მიხვდა, რომ ამერიკელი და ევროპელი მეგობრების კომენტარები მის საკითხთან დაკავშირებით ნიშნავდა იმას, რომ პერსონალურად მისი გადასაწყვეტი იყო, რას გააკეთებდა ციხიდან გამოსვლის თაობაზე.

დიპლომატიურ ენას სახალხო ენაზე თუ გადავთარგმნით, მათი განცხადებები ნიშნავდა, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოსულიყო და ახლა რაც უნდა ის ექნა - ასეთი იყო ევროკავშირის და აშშ-ის პოზიცია. ამიტომ მან დაინახა, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მისი ინტერესი განულებული იყო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.