ამირან გამყრელიძის თქმით, მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს, რის გამოც თბილ ამინდებთან ერთად, შესაძლოა, ვირუსი შესუსტდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისი არიან ექიმები, ასევე ჟანგბადი, წამლები. არ გვინდა, რომ დღეში კორონავირუსის 2 000- 3000-4 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს. დიდი ალბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით, აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან მივეჩვიეთ პირბადის ტარებას.
ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტია. რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95 პროცენტზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. მეორე, საკმაოდ დიდ ნაწილს, მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. მესამე, მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა არის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.