აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ განუცხადა.
„მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. დღეს ყველას გვიკეთია პირბადე, ამას უკვე მივეჩვიეთ. პირბადე აუცილებელია და კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი. თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, მაშინ გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
ამირან გამყრელიძე, დღეს „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა.
27 აპრილიდან დღემდე სინოფარმით აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი. ქვეყანა ახლა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკისა“ და „სინოფარმის“ დამატებით დოზებს ელოდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.