ვახტანგ ძაბირაძე: დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში

ვახტანგ ძაბირაძე: დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში

დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

„შეთანხმება, რა თქმა უნდა, კარგია და ეს აუცილებელიც იყო, ვინაიდან ის პროცესი არასდროს მიგვიყვანდა იქამდე, რისი იმედიც ჰქონდა ქუჩაში დარჩენილებს ან მათ მომხრეებს. საერთოდ ბოიკოტის თემა ძალიან სენსიტიური და არაგამოყენებადია. ბოლოს 30 წლის განმავლობაში ეს მეოთხე თუ მეხუთე შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური სპექტრი ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებს ან პარლამენტს. არცერთ ასეთ ნაბიჯს რაიმე სიკეთე არ მოუტანია არც ბოიკოტის რეჟიმში მყოფთათვის, და არც ქვეყნისთვის. მოსახლეობა ყოველთვის წინააღმდეგი იყო პარტიებს შორის მკვეთრი დაპირისპირების. ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში ქუჩიდან გადაინაცვლა დაპირისპირებამ. ვერ ვიტყვი, რომ იქ ურთიერთობა ძალიან დალაგებული და კონსტრუქციული იქნება, მაგრამ იქ შემოსაზღვრული სივრცეა და ქვეყანაში სტაბილურობის განცდა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ეს ქუჩაში იყო. არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის გარეთ აქტივობები გაგრძელდეს, მაგრამ განსხვავება არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება დესტაბილიზაციის გარკვეული დეტონატორი, მაგრამ არა იმ მასშტაბისა და მოცულობის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას რამე დაემუქროს. უფრო მეტიც, თუ „ნაცმოძრაობას“ მართლა სურს ვადამდელი არჩევნები, პარლამენტში შესვლით ისინი ამას უფრო მეტი ალბათობით მიაღწევენ, ვიდრე ქუჩაში ყოფნით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.