შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ხელმომწერი მხარეები მუშაობენ პარლამენტში და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს საკითხებზე, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შარლ მიშელის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმების ხელმომწერებს საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან, პლენარულ სხდომაზე ელოდება.
„რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ვერ ვისაუბრებ დეტალურად იმ გამოსვლებზე, რაც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა მას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ შეთანხმებამდე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა, რომლითაც ყველა მხარე უნდა მოეკიდოს შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტში შეთანხმების ხელმომწერ დეპუტატებს შეხვდა. კანონმდებლებთან შეხვედრამდე შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.