ჯორჯ კენტი: იმ პარტიებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მოვუწოდებთ, პარლამენტში საკუთარ კოლეგებს შეუერთდნენ

ჯორჯ კენტი: იმ პარტიებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მოვუწოდებთ, პარლამენტში საკუთარ კოლეგებს შეუერთდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიისას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა.

„საბედნიეროდ, გუშინ საქართველოში ჩვენ ყველამ ერთგვარი გარღვევა ვიხილეთ. ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისსა და ვაშინგტონში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას კომპრომისის მიღწევისკენ მოვუწოდებდით, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური წინსვლის საშუალებას მისცემდა და ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ფოკუსირებას შეძლებდნენ, როგორიც არის რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია, პანდემიის შედეგად შემქნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ის დემოკრატიული რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ქართველი ხალხი ელის“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ აღნიშნა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან კომპრომისსა და გამბედაობას მოითხოვდა.

„არჩევნების შემდეგ, ჩვენი თანმიმდევრული გზავნილი იყო, რომ ორივე მხარეს გვერდზე გადაედო საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ემოქმედათ. პარლამენტის ყველა წევრს ვაქებთ, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვგულისხმობ იმ წევრებსაც, რომლებმაც შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, მიუხედავად საკუთარი პარტიების მხრიდან შეუთანხმებლობისა. იმ პარტიებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მოვუწოდებთ, პარლამენტში საკუთარ კოლეგებს შეუერთდნენ, მიღწეულ კომპრომისულ შეთანხმებას ხელი მოაწერონ და იმაზე იმუშაონ, რომ შეთანხმება სრულად განხორციელდეს“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.