ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო და ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო და ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება

ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო. იმ დოკუმენტში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენი ინიციატივით ვთქვით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის ნამდვილად რეალისტური, კომპრომისული ნაბიჯი და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების ერთგული დავრჩებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. ამაზე მსჯელობა ალბათ უკვე ხვალ იქნება. დღეს საღამოს ექსპრომტად ვიგებ ამ ინფორმაციას. ჩვენ დავრჩებით ალბათ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვიც, ეს დათქმაც და აქ ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი აზრით, მედიატორებს ოპოზიციისთვის ის დოკუმენტი უნდა შეეთავაზებინათ, რომელსაც ხელი „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა.

„ვფიქრობ, არაფერი საკონსულტაციო აქ აღარ არის. 40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობა? გაურკვეველია. ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება ხვალ. ჩვენ დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვქონდა. ვფიქრობთ, რომ ალბათ მათ უნდა შესთავაზონ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ამ საღამოს რაღაც სიახლე ირკვევა. ამას ვერავინ გადაწყვეტს კონსულტაციების გარეშე“, - აღნიშნა დეპუტატმა.