ქართული ენის დღე თსუ-ში

ქართული ენის დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სპეციალური სერტიფიკატები და უნივერსიტეტის ოქროს მედლები გადასცა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ქართული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრება, ისევე როგორც ქართული ენის სწავლის პროცესი. მოხარული ვარ, რომ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქართული ენისა და კულტურის განვითარებაში,“ - განაცხადა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ.

ჯილდოები ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის გადაეცათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ლიანა მარქარიანს და რამილია ალიევას.

დღესვე დაჯილდოვდნენ თსუ „1+4“ პროგრამის კურსდამთავრებულები და ესეების კონკურსში „ჩემი სახელმწიფო ენა - ქართული“ გამარჯვებულ სტუდენტები.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და კომიტეტის წევრი, თამარ ტალიაშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„14 აპრილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამ დღეს დაიწყო საბჭოური სისტემის რეალური რღვევა და ეს დღე იყო ჩვენი პირველი გამარჯვება, რომელიც მოუტანა ჩვენს ქვეყანას და პოსტ-საბჭოთა სივრცეს იმ ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა, რომელიც დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დასრულდა მთავრობის სასახლესთან,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ახალ პროექტზე „სახელმწიფო ენის სტრატეგია“ იწყებს მუშაობას, სტრატეგიაში ასახული იქნება ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სახელმწიფო ენის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით მომავალ თაობას, ვინაიდან სახელმწიფო ენის, ქართული ენის ბედი დღეს მათ ხელშია. 14 აპრილი მართლაც გამორჩეული დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ერმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა თავიანთი გულწრფელი და თავდადებული სიყვარული გამოხატეს“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა“ „1978 წლის მოვლენებმა დამატებითი ბიძგი მისცა ეროვნულ მოძრაობას, რომელიც ქართველ ერში სულ იყო ჩაბუდებული საბჭოთა იმპერიის პერიოდში. ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენს ერს, რომ ის იყო ერი და ქვეყანა, რომელსაც აქვს საფუძვლებები და ერთ-ერთი ასეთი საფუძველი არის ენა“.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული ფოტოები და ხელნაწერები. მათ შორის, 1918 წლის ოქტომბრის კანონი „სახელმწიფო ენის“ შესახებ, რომელსაც ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე აწერენ ხელს. ასევე იოსებ ყიფშიძის ჩანაწერები ქართული ანბანის ისტორიის შესახებ, ქართული ენის სიტყვიერების პროგრამა მასწავლებელთათვის, ქართული ენის წარმოშობის საკითხზე, იუსტინე აბულაძის გამოკვლევებზე: ქართული ენის ეთნოგენეზის შესახებ, ქართულ ენაზე აღმოსავლური ენების ზეგავლენის თაობაზე, გამოკვლევა ქართული ენის ისტორიულ - კულტურული მნიშვნელობისა და მისი გავლენის შესახებ კავკასიურ, კერძოდ აფხაზურსა და ოსურ ენებზე; გიორგი ახვლედიანის სამეცნიერო შრომებზე - მშობლიური და უცხოური ენობრივი ალღო“ , ,,ენის მეტყველების წარმოშობა“ და სხვა.