ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებას აკეთებს კიდევ ერთი მოწმე. ყოფილი პოლიციელი გიორგი სარიშვილი ამბობს, რომ შემთხვევის ღამეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან იმჟამინდელი საპატრულო პოლიციის უფროსმა ზურაბ მიქაძემ და საპატრულო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა. 40 წუთის შემდეგ კი, დიდუბის ტაძართან გამვლელმა სარიშვილმა იგივე ადამიანები გურამ დონაძესთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაინახა.
სარიშვილის თქმით, ფაქტები მეორე დღეს შეაჯერა, რაც საინფორმაციო საშუალებებით შეიტყო დიდუბის ეკლესიასთან მომხდარის შესახებ. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე გავლისას არ დაუნახავს საქმეში ბრალდებული კიდევ ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომელი ზურაბ ბაქრაძე და დავით იაშვილი.
გიორგი სარიშვილმა პოლიცია საკუთარი პატაკით ორი წლის შემდეგ დატოვა. 2010 წელს კი კვირის რეპორტაჟში პირველად ალაპარაკდა მომხდარისა და საკუთარი ეჭვების შესახებ. მაშინ სარიშვილი არ დაუკითხავთ. ყოფილი პოლიციელი მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით გასული წლის ნოემბერში დაიბარა.