გვაქვს მოქნილი, მაგრამ პრინციპული პოზიცია. მოქნილი იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება კომპრომისი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საერთო შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
„გვაქვს მოქნილი, მაგრამ პრინციპული პოზიცია. მოქნილი იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება კომპრომისი, შეთანხმება და ამ კრიზისიდან გამოსვლა. პრინციპული იმიტომ, რომ ამას მოიტანს მხოლოდ ის შეთანხმება, რომლის კომპონენტებიც ჩვენ გვაქვს საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში და რომელიც ეყრდნობა პრეზიდენტ მიშელის შეჯერებულ დოკუმენტს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.