თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პილოტირების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა მოაწერეს. კლასტერული აკრედიტაციის პროცედურების პილოტირება ევროკავშირის დაფინანსებული TWINNING პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების პროგრამებზე განმავითარებელი შეფასების შემოღებას. უნივერსიტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზუნველყოფის სამსახურების თანამშრომლობით პირველ ეტაპზე შეირჩა ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამების ჯგუფი.

„კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება დაიწყება ჰუმანიტარული მეცნიერებებით და შემდეგ გავრცელდება სხვა მიმართულებებზე. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სრული სინქრონიზაცია ერთიან ევროპულ უმაღლესი განათლების სფეროსთან და ევროპული მოთხოვნები გავითვალისწინოთ საქართველოს რეალობაში. ჩვენი სურვილია, რომ დიპლომები, რომელიც გაიცემა საქართველოში, იყოს ისეთივე წონის, როგორიც ევროგაერთიანების ქვეყნებში. მით უფრო, რომ ჩვენ ფორმალურად გამოვაცხადეთ 2024 წელს ევროგაერთიანებაში შესვლის სურვილი“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასასვლელად ვემზადებით უკვე ერთი წელია ჩვენი უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით, მათ შორის, TWINNING პროექტის მხარდაჭერით. ამ პროექტის პილოტირება განხორციელდება თსუ-ში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. დავაკვირდებით, როგორ შეძლებს ჯერ ჰუმანიტარული მიმართულების სფერო კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას“,- აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მახარაშვილმა.

კლასტერული აკრედიტაცია მიღებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში და იგი საშუალებას რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა, როგორც სააგენტოების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.

კლასტერული აკრედიტაციის შემთხვევაში, ექსპერტთა ერთი ჯგუფი შეაფასებს ერთ კლასტერში არსებულ პროგრამებს. ეს საშუალებას მოგვცემს, ყურადღება გამახვილდეს სისტემის დონეზე პროგრამების მსგავსებებსა და თავისებურებებზე. ასევე, აღნიშნული მოდელი საშუალებას იძლევა კალენდარული წლის ბოლოს უმაღლესი განათლების შესაბამის სფეროებში განხორციელდეს თემატური ანალიზი და მიღებული შედეგები დაინერგოს კონკრეტული კლასტერის პროგრამების ფარგლებში სწავლებისა და სწავლის პროცესების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.