მიხეილ სარჯველაძე: როდესაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას

იმ ფონზე, როდესაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესში წარმატებისთვის ხელისშემშლელი მიზეზი ოპოზიციის მხარეს უნდა ვეძებოთ.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხს და არც უმიზეზოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის გონივრული გადაწყვეტილება. ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებს. კრიზისი, რომელზეც დღეს არის საუბარი, შექმნილია ერთადერთი მოტივით – დაუმორჩილებლობითა და პარლამენტში შესვლაზე უარის გაცხადებით იმ მიზეზიდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. იმ ფონზე, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

ოპოზიციის მხრიდან პრაქტიკულად ულტიმატუმი იყო დაყენებული, რომ ეს ორი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, სხვა არაფერზე ვსაუბრობთო. სწორედ ეს არის დესტრუქციული დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესისადმი. მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის ხელშემშლელი მიზეზი თუ არსებობს, ეს მიზეზი უნდა ვეძიოთ სწორედ ოპოზიციის მხარეს. კონსტრუქციულობა პირველ რიგში, ერთმანეთის მოსმენასა და სამართლიან პირობებზე შეთანხმებას გულისხმობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესში ყველა მხარემ უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა.

„როგორი მოლოდინიც უნდა იყოს, აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მზადყოფნა, აქტიურად ვიყოთ ჩართული მოლაპარაკების პროცესში და განწყობილი ვიყოთ, რომ ის შედეგიანად დასრულდეს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის, რაც ჩვენი დაშავებულია, პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ავიღებთ, მაგრამ ის, რაც ჩვენი ბრალი არ არის და ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, ოპოზიციის დესტრუქციას ვგულისხმობ, ამაზე პასუხისმგებლობა უპირველესად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ამის შემოქმედია“, - განაცხადა სარჯველაძემ.