სოზარ სუბარი: 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე კარგად ესადაგება საქართველოს დღევანდელ მოცემულობას

სოზარ სუბარი: 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე კარგად ესადაგება საქართველოს დღევანდელ მოცემულობას

ვფიქრობ, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველაზე კარგად ესადაგება საქართველოს დღევანდელ მოცემულობას, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხუთპროცენტიანი ბარიერი მართლაც მაღალია და ეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რადგან ამ ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა.

„არიან პარტიები, რომელთაც სხვადასხვა ბარიერი და პროცენტი აწყობთ, ყველა ცდილობს, თავის თავზე მოირგოს, რაც არ იქნება სწორი. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, იქნებ, ერთი პროცენტი სჯობს, ბუნებრივი ბარიერი. ამისთვის საჭიროა, დიალოგი და პარლამენტში შემოსვლა. თუ პარლამენტში არ შემოვლენ, დარჩება ხუთპროცენტიანი ბარიერი. ეს მოგვწონს თუ არა, ასე დარჩება. ამიტომ კარგი იქნება, თუ პარლამენტში შემოვლენ.

ლევან ბეჟაშვილმა გუშინ თქვა, რომ „ქართული ოცნება” ცდილობს, პატარა პარტიები აცდუნოს, რომლებიც ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ ლახავენო. აქ ძალიან კარგად გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის” სურვილი, რომ არ უნდათ, ხუთპროცენტიანი ბარიერის დაწევა, რადგან ამით ისინი პოლიტიკური ველის მიღმა ყველა ოპოზიციურ პარტიას ტოვებენ და მხოლოდ თვითონ დარჩებიან. ეს არის მათი სურვილი, მაგრამ ოპოზიციური პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ ეს არც ქვეყნის ინტერესებში ჯდება და არც მათ ინტერესში. შესაბამისად, თუ ისინი პარლამენტში შემოვლენ, იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს მივიღებთ, რომელიც მალე დაინიცირდება“, - განაცხადა სუბარმა.