საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
ბიძინა ივანიშვილი თბილისში საქართველოს პარლამენტის ეზოში ხარების სახელობის სამლოცველოში გამართულ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებლად აღევლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მემორიალთან გადაინაცველეს და გვირგვინით შეამკეს ის.
„ამ ადგილას, სადაც ახლა ვდგავართ, სამხედრო ტაძარი იდგა. სწორედ აქ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საოკუპაციო ხელისუფლების მუქარის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა 33 იუნკერი დაკრძალა და მასთან ერთად დაიტირა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. მაგრამ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში არ გამქრალა სამშობლოს თავისუფლების იდეა და სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ... დღეს ჩვენს თაობას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მოპოვებულ დამოუკიდებლობას და ყველაფერი გავაკეთოთ იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოსთვის დაღუპული გმირები ოცნებობდნენ - მომავალ თაობებს დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფო,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.