მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერს სულ მცირე 3%-მდე დაწევს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმების შესრულებას. შევთანხმდით, რომ დაინიცირდებოდა ცვლილებები, რომლებიც 5%-იან ბარიერს 2024 წლის არჩევნებისთვის სულ მცირე 3%-მდე დაწევდა და დატოვებდა სივრცეს იმისთვის, რომ ეს 3%-იანი ბარიერიც მსჯელობის საგანი გამხდარიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური პარტია და სუბიექტი, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დასრულება და ის ამოცანა, რომ ყველა შემდგომ არჩევნებზე ბრძოლა იყოს არა ორ, არამედ ბევრ პარტიას შორის. ჩვენი პარტია ყველანაირად ცდილობს, ამას შევუწყოთ ხელი და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტში დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.