ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლიდან წლამდე აშშ-ის დახმარება იზრდება

ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლიდან წლამდე აშშ-ის დახმარება იზრდება

სენატში ითქვა, რომ ზუსტად „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანაში მიგვეღო უფრო მრავალპარტიული პარლამენტი. ასე რომ, პროგრესი სახეზეა, მაგრამ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლიდან წლამდე აშშ-ის დახმარება იზრდება და დახმარების პაკეტი წელს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე დიდია. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა გვაქვს. სენატორი ჯონსონი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ არ გადავუხვიეთ კურსს და განვაგრძეთ მიზნისკენ სვლა. ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა იყო სენატში იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს და ძალიან შინაარსიანი რეკომენდაციები მოვისმინეთ. საქართველოს კიდევ სჭირდება რეფორმების ჩატარება და ამის აღიარებაა პროგრამა, რომლითაც ჩვენი პარტია ამომრჩევლების წინაშე წარდგა. ჩვენ რომ რეფორმები გვჭირდება, მათ შორის საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესების კუთხით, ამას ადასტურებს პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეყრდნობა ეუთოს დასკვნებს. სენატში ითქვა, რომ ზუსტად „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანაში მიგვეღო უფრო მრავალპარტიული პარლამენტი. ასე რომ, პროგრესი სახეზეა, მაგრამ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.