კახა კუჭავამ განმარტა, რომ სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამერიკაში კონგრესმენებსა და სენატორებთან შეხვედრებს მართავდნენ. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სანამ ეს მოსმენა ჩაინიშნებოდა, მე და ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს გვქონდა დაახლოებით 1-კვირიანი ვიზიტი ამერიკაში, სადაც შევხვდით თითქმის ყველას, ვინც გუშინ მონაწილეობდა (განხილვაში), ასევე სხვა კონგრესმენებსა და სენატორებს. იყო ძალიან საინტერესო საუბრები, მათ შორის იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენი გუნდის წინაშე დგას ქვეყნის დემოკრატიული გზის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით; იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს წუხილს და არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია განიმუხტოს“, - განაცხადა კუჭავამ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.