უნდა იცოდე, სტრასბურგში რას ასაჩივრებ და ზოგადი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, რომ ასეთ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებ. სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს, ის განიხილავს ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებების დარღვევას, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და მისი ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
„სამართლებრივად, ასეთ საქმეებს, სტრასბურგი საერთოდ არ იღებს წარმოებაში. სრული ზღაპარი და ბლეფია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგი არაა ჩვენი სასამართლოს მეოთხე ინსტანცია. ეს ჩემი ციტატა არაა, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასეა მითითებული“ - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.
მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.
2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.