„ქრონიკა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა. ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ უკანონო ჩანაწერების გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაყურებელმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერით, მოისმინა, მოდელირებულია.
როგორც ანზორ ჩუბინიძე იხსენებს, 2010-2011 წლებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადებდა, ხშირი იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების, უფრო კონკრეტულად კი ბერა ივანიშვილის მიმართ. მაშინ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი უშუალო ვალდებულება იყო ჩართულიყო საქმეში და შეემოწმებინა, საფრთხე რამდენად რეალური იყო.
„ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძემ გაიხსენა კონკრეტული ფაქტი, როდესაც შეხვდა ერთ-ერთ ადამიანს, ვისაგანაც უშუალოდ მოდიოდა მუქარის შემცველი განცხადებები, თუმცა, როგორც ის ამბობს, ამ შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
„ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს განცხადება გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გავიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. მშობელთან ერთად როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი შობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზემით აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში იყო მცდელობა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლებიდან 2016-2017 წლებში და თვითონ და ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც უკვე მოქმედი ჩინოსანი და პრემიერ-მინისტრი აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინათ.
„რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილს, 2010-2011 წლებში, როდესაც ის „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგზარდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება მოუხდენია“, - განაცხადა ანზორ ჩუბუნიძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ინტერვიუს ვრცელი ვერსია „ქრონიკაში რვაზე“ გავა.
ასეთი შეურაცხმყოფელი და იმიჯის შემლახველი ცილისწამების ტელევიზიით გამოცხადება დასჯადი არ არის ამ სახელმწიფოში?!
თუ არ არის და მხოლოდ ჩვენ უნდა აღვშფოთდეთ ამაზე აგებული საყოველთაო სიგიჟითა და იდიოტური აქციებით, ვულოცავ ნოდარ მელაძეს! - შეუძლია მშვიდად გააგრძელოს ფეიკმეიკერობა.