მეუფე სტეფანეს განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი პროვოკაციის უკან, ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას

მეუფე სტეფანეს განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი პროვოკაციის უკან, ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა.

მეუფემ მედიასთან კომენტირებისას ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იყო გარკვეული ჯგუფის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.

„მე ერთი მოვინახულე, დანარჩენი გაეწერნენ. კრება მიმდინარეობდა ეპარქიაში და იქ შემოჭრა სცადეს. ჟურნალისტები აღმოჩნდნენ შემოჭრის შედეგად მსხვერპლი, რადგან კარები იღება გარეთ და როდესაც გარედან ეჯაჯგურებოდნენ, გაეღოთ და შიგნიდანაც მშფოთვარე ჯგუფის წარმომადგენლები კარს მიაწვნენ, რომ შემოეშვათ ისინი, ამ დროს კარები გაიღო და ამ ვითარებაში დაზიანდა ხალხი. ვთხოვეთ, იმ აივანზე არ ამოსულიყო არავინ, მაგრამ არავინ გვისმინა. ვფიქრობ, ძალიან დიდი დარღვევა არის, როცა ასე გექცევიან, იმ ადამიანების მიერ, როცა ასე შემოიჭრნენ, ასევე ჟურნალისტების მიერ. საეკლესიო კრებაა და გვაქვს უფლება, მედიის გარეშე ჩატარდეს, არავის დაუძახია ჟურნალისტებისთვის. ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია. ჩვენ მხოლოდ სასულიერო პირების შეკრებას ვგეგმავდით. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გადაღებული. ყველაფერი გამოჩნდება. შეკრებაზე ვაცადე ყველას, დაესვათ კითხვები და როცა მე უნდა მეპასუხა, იმ დროს არ გაჩერდა ორი პირი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სპეციალურად იყო დაგეგმილი. შიდა კადრები გასაჯაროვდება, რაც შეიძლება, გასაჯაროვდეს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, ეპარქიის ეზოში შეკრებილი ადამიანების უკან დგას ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და ეს ადამიანები მისი ორგანიზებით მოქმედებენ.

„იქ მრევლი არ იყო, იქ იყვნენ მეუფე პეტრეს მიერ ორგანიზებული ჯგუფები და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამოწმებენ. შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. ამ ხალხის მოყვანა ვიღაცას ხომ უნდა მოეხდინა. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა და როცა ეკლესიაზე თავდასხმას ახორციელებ, ამის გამო პრობლემები იქმნება. არასდროს ვღებულობ გადაწყვეტილებას ცხელ კვალზე. განვიხილავთ, ვნახავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებშიმონაწილეობა აუკრძალა.