მეუფე სტეფანეს განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

მეუფე სტეფანეს განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.როგორც მეუფე სტეფანე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარების დაძაბვა ეპარქიის გარეთ მყოფებმა გამოიწვიეს.

„სასულიერო პირებს შორის იყო კრება. მოწვეული მყავდა ყველა ადამიანი, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა და საუბარი. ყველას მოვუსმინე, პასუხების გაცემის დრო, რომ დადგა, არ მომცეს პასუხის გაცემის საშუალება. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ეს ვითარება, შემოიჭრნენ შიგნით. არ მომისმინეს, ეს ხალხი რომ ყვირის, მათ მოაწყვეს შეთქმულება, არ მომისმინეს. სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი“,-აცხადებს მეუფე სტეფანე.

შეგახსენებთ, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრავმა მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, "მთავარის არხის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“ და „პოსტივის“ წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის, 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა.