არჩილ თალაკვაძე: ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს

არჩილ თალაკვაძე: ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს

ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი გაიხსენა.

„ბატონი მიშელის ვიზიტის დასასრულს ოპოზიციამ საკუთარი დესტრუქციული სახე აჩვენა. თუნდაც, პარლამენტთან ჩატარებული ე.წ. პიკეტირების აქციებით, რომელიც ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტშიც გვახსოვს, როდესაც ეს ფრთა ცდილობდა პარლამენტისა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციის ბლოკირებას; გვახსოვს თავდასხმები პარლამენტზე და საარჩევნო კომისიაზე, ეს არის ხელწერა, რომელიც დიდი ალბათობით, ბატონმა მიშელმაც დაინახა და ვფიქრობ, მას კარგად ესმის, რომ ეს დესტრუქციული ხაზი უშლის ხელს მოლაპარაკებასა და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევას.

ვინაიდან საქართველო დასავლეთის კარგი პარტნიორია, როგორც უსაფრთხოების ასევე დემოკრატიის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში, რასაკვირველია, ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს, თავისთავად ცდილობს, საქართველოში ძირი გამოუთხაროს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საერთო სტრატეგიულ ინტერესებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ბატონი მიშელის ასეთი მაღალი დონის ჩართულობა სწორედ ამ სიგნალს წარმოადგენს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, 6 მოთხოვნიდან, რომელიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან მოლაპარაკების მაგიდაზე დააყენა, ორი ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უცილობლად მოითხოვს.

„რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს ამ ექვსი მოთხოვნიდან, მაგ. საარჩევნო რეფორმა, რომლის პაკეტი ეუთოს რეკომენდაციების შედეგად უკვე მომზადებულია, ინიცირდება და ეს იქნება სიახლე, როდესაც პრემიერ მინისტრი ბრიუსელში ჩავა.

ასევე, ერთ-ერთ საკითხად საუბარია პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე. კონკრეტულადაა ნათქვამი, საგამოძიებო კომისიაზე. თუ ოპოზიციის ეს ნაწილი მზადაა, ჩაერთოს საგამოძიებო კომისიაში თანათავმჯდომარეობის პრინციპით, რაც ნიშნავს მმართველი პარტია და ოპოზიცია თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ ამ საგამოძიებო კომისიაში, ჩვენ მზად ვართ, ყველა პრეტენზია, რაც არჩევნებთან მიმართებაში იყო დასმული, გადავამოწმოთ ოპოზიციასთან ერთად“, - განაცხადა თალაკვაძემ.