გიგა ბოკერია: საზიანოა ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის

გიგა ბოკერია: საზიანოა ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის

ზოგადად, საზიანოა ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

„მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს უფლება ამის გამოქვეყნების აკრძალვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო აკრძალვა მისი გამოყენების სრულიად დაუშვებელია და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სასურველი მიზნის მისაღწევად, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი კვლავ უკანონო გზით მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს მიმართავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ფალსიფიცირებული ჩანაწერით ცდილობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2012 წლამდე არსებული აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანია, გაჩნდეს საზოგადოებაში დაბნეულობა და გაურკვევლობა. აქვე განმარტავენ, რომ კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა.