აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება და ყველა დაინტერესებულ მხარეს საარჩევნო რეფორმების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება და ყველა დაინტერესებულ მხარეს საარჩევნო რეფორმების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ასევე აღნიშნულია, რომ ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით.

„შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.