ნატოს შტაბ-ბინაში პროექტ „საქართველო III“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ სიტყვით მიმართეს.
ირაკლი ალასანიამ საქართველოსთვის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს „საქართველო III“-ის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში დიდი რაოდენობით ნაღმი და ომის ფეთქებადი ნარჩენი დარჩა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა 2008 წლის ომის შემდეგ. დაბინძურებული აღმოჩნდა მილიონობით კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. საბედნიეროდ, ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შევძელით მინიმუმამდე შეგვემცირებინა ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების საფრთხე. ომის შედეგად დანაღმული მთელი ტერიტორია სრულად გაიწმინდა, ხოლო საქართველოში მდებარე ყოფილი რუსული სამხედრო ბაზები გაინაღმა“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
პროექტის ოფიციალურად დახურვას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, ირაკლი ალასანიამ პროექტის მორიგი ეტაპის „საქართველო IV“-ის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ახალი პროქტი სოფელ სკრის ტერიტორიაზე მდებარე აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებული იარაღის საწყობის გაწმენდასა და სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ასეულის დამატებით მომზადებას ითვალისწინებს.
პროექტი „საქართველო III“ ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის სატრასტო ფონდის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ასეული ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილებასაც.
დახურვის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ნატოს შტაბ-ბინაში პროექტ „საქართველო III“-ის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა.