საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ალიანსის წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს გაეცნობიან. ნატოს უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადება დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.
„თვეების განმავლობაში ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობდით, რომ წელს ასეთი მაღალი, პოლიტიკური ვიზიტი განხორციელებულიყო საქართველოში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო მიდის ძალიან მწყობრად ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ეს დასტურია იმის, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოს, ჩვენს თანამონაწილეობას, როგორც საერთაშორისო ოპერაციებში, ასევე, თავად ღირებულებას, რასაც ნატოსთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი წარმოადგენს. მე შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ვიზიტი იგეგმება. უახლოეს დღეებში მე ვიქნები ბრიუსელში, შევხვდები თავდაცვის მინისტრებს და იქ საბოლოოდ გადაწყდება უკვე თარიღი.
ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, როდესაც გენერალური მდივანი და ნატოს წევრი ქვეყნების ყველა წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს და გაეცნობა ჩვენს, როგორც თავდაცვის რეფორმებს, ასევე, ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს.“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ქართული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.