თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. ირაკლი ალასანიამ ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი უმცროსი სერჟანტი იაგო კაკულია და კაპრალი ერეკლე ხარშილაძე მედლებით „საბრძოლო იარისათვის“ დააჯილდოვა. ქართველი ჯარისკაცები საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის  32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ასრულებდნენ სამხედრო მისიას, როდესაც მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს დაიჭრნენ. ორივე სამხედრომ თავდაპირველად რეაბილიტაციის პროგრამა გერმანიაში სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა, რის შემდეგაც მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ. მინისტრმა დღესვე სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი კაპრალი მანუჩარ ნაყიშაშვილი  მოინახულა, რომელიც ახლო მომავალში მკურნალობის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

„ძალიან მახარებს მათი საბრძოლო განწყობა, საბრძოლო სული. ისინი მართლაც დღეებს ითვლიან, როდის დაბრუნდებიან სამხედრო სამსახურში, რაც მოტივაციის ამამაღლებელია ყველა ჩვენგანისთვის.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მონახულების შემდეგ.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ ახალი დირექტორი, სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ირაკლი კურცხალია წარადგინა. 1996-2005 წლებში სამხედრო სამედიცინო დაწესებულების ახალი ხელმძღვანელი ამავე ჰოსპიტალში მუშაობდა. პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის, სამხედრო სამედიცინო და ექსტრემალური მედიცინის კლინიკური დისციპლინების კათედრის პროფესორი, სამხედრო საველე თერაპევტი. ირაკლი კურცხალიამ  1995 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო 2001 წელს სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია დაამთავრა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „სიფრთხილით მოვეკიდეთ ჰოსპიტალში ხელმძღვანელობის შეცვლას. მრავალი კანდიდატურა განვიხილეთ და ბოლოს შევჯერდით ირაკლი კურცხალიაზე. მე დავავალე მას, რომ უახლოეს პერიოდში წარმომიდგინოს ის პრიორიტეტები, რაც სჭირდება გორის ჰოსპიტალს და ზოგადად სამხედრო ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ ჰოსპიტლის კოლექტივის თავდადებისთვის და მიდგომისთვის ადამიანთა ჯანმრთელობის მიმართ.“