ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის თარიღი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი პოლიტიკურად უკვე გადაწყვეტილია; ხვალ კი ალასანია ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ვიზიტის თარიღი გაირკვევა. როგორც მინისტრი აცხადებს, ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების მინისტრებს შეხვდება.
"დღეს ითქვა, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობდით, რომ ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტი წელს განხორციელებულიყო საქართველოში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოს თანამონაწილეობას, როგორც საერთაშორისო ოპერაციებში, ისე თავად ღირებულებას, რასაც ნატო-სთვის საქართველო, როგორც ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყანა წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.