საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისიას - საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, მასში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას ეძღვნება პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი, საქართველოში Erasmus + ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, რვა ქართული, სამი ევროპული უნივერსიტეტის, აგრეთვე, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს EFMD (ბელგია) წარმომადგენლები მონაწილეობდენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა უნივერსიტეტების მესამე მისიას. „ეს ბევრ საკითხში გამოიხატება - დაწყებული საკანონმდებლო ინიციატივებით და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩათვლით. საუბარია უნივერსიტეტის ავტონომიის საკითხზე; ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა მოდელზე. ამ სახის ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული გახდა COVID-19 მსოფლიო პანდემიის დროს. უნივერსიტეტმა ამ პერიოდში გახსნა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა კოლექცია, ელექტრონული ბაზები და რესურსები, რომლის გამოყენება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი და სხვა,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
ევროკომისიის დაფინანსება Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) პროექტისთვის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ თსუ-მ მოიპოვა. თსუ-ის პროექტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და აღინიშნა, რომ მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. პროექტის შედეგად, როგორც პროექტის მონაწილე, ისე საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გააძლიერებენ უნივერსიტეტების მესამე მისიას, რაც, თავის მხრივ, წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში.
„უნივერსიტეტის ფუნდამენტური ფუნქცია სწავლა-სწავლებასა და კვლევასთან ერთად, საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ეს შესაძლებელია მრავალმხრივად იყოს გამოხატული: ცოდნის ტრანსფერი, ექსპერტიზა, ასევე გარემოს დაცვის ღონისძიებები და ბევრი სხვა. ეს არის აკადემიური სფეროსა და საზოგადოების მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა, რომელსაც საბოლოო ჯამში საზოგადოების განითარებისკენ მივყავართ,“- აღნიშნა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ.
განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წლის წინ ხარისხის სტანდარტებში შეიტანა უნივერსიტეტის მესამე მისიის სავალდებულოობა, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილის თქმით, ევროპელი კოლეგების მხრიდან შეფასებული იყო როგორც წარმატებული ნაბიჯი ქვეყანაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომელიც აკისრია უნივერსიტეტს. უნივერსიტეტმა მხოლოდ გარკვეული ცოდნა კი არ უნდა მისცეს ახალგაზრდას, არამედ გაზარდოს საზოგადოების სიკეთეზე ორიენტირებული მოქალაქე, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის კეთილდღეობაში,“-განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილეა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერებას და პროექტით დასახული მიზნების მიღწევას, სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.
სამწლიანი პროექტის დასასრულს, სამინისტრო გამოაქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის მესამე მისიის მნიშვნელობას, შესთავაზებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხედვასა და სტრატეგიულ მიმართულებებს.