პრეზიდენტის მიერ ერთ ლარად გაჩუქებული ტერიტორია. მიხეილ სააკაშვილმა კუდის ყოფილ უფროსს კოჯორში 2500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი აჩუქა. არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მითითებულია, რომ ლევან ქარდავამ ქვეყნის პირველი პირისგან მიწა სიმბოლურ ფასად მიიღო. და ეს მაშინ, როდესაც ამავე ადგილზე ერთი კვადრატული მეტრის ფასი 30-დან 100 დოლარამდე მერყეობს. თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, განმარტებების გაკეთება მოუწევს ნათესავების დასაქმების გამოც. გავრცელებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში კუდის ექს-ხელმძღვანელის ოჯახის წევრები თავდაცვის სამინისტროში ფიქტიურად იყვნენ გაფორმებულები. ქარდავას ცოლისძმა ალასანიას უწყებაში თანამდებობას დღემდე ინარჩუნებს.