ვახტანგ ძაბირაძე: თუ ოპოზიციამ გაზაფხულზე დიდი პროტესტი ვერ ააგორა, ეს მას კიდევ უფრო დააზარალებს

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ოპოზიციამ გაზაფხულზე დიდი პროტესტი ვერ ააგორა, ეს მას კიდევ უფრო დააზარალებს

თუ ოპოზიციამ გაზაფხულისთვის წინასწარ დაანონსებულ აქციებზე საპროტესტო მუხტის შექმნა ვერ მოახერხა და ხალხის მობილიზება ვერ შეძლო, ეს მათ სასაცილოს გახდის და სახეს დაუკარგავს. ამიტომ, წინასწარ დიდ აქციებზე განცხადებების გაკეთება შეცდომაა, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ტაქტიკას, პარლამენტში არ შევიდნენ და ქუჩაში დარჩნენ, არ ვიზიარებ, სულაც არ მინდა, რომ სახე მთლიანად დაკარგონ და სასაცილო გახდნენ, ეს ქვეყნისთვისაა ცუდი და დამაზიანებელი, თორემ ოპოზიციაზე და პერსონებზე მაინცდამაინც დიდად არ ვდარდობ," - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

„ოპოზიციისთვის, რომელიც პარლამენტში არ შედის, აქტივობის ერთადერთი საჯარო ფორმა, გარდა ტელეგამოშვებისა, საპროტესტო აქციების ორგანიზებაა - პროცესი პროტესტებით გააგრძელოს და შეძლოს ის, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი ამ საპროტესტო აქციებში ჩართოს, თუ უნდა, რომ მიზანს მიაღწიოს.

„ეს რა თქმა უნდა სწორი და გასაგები ფორმაა, თუმცა სხვა თემაა ის თუ ამას ოპოზიცია რამდენად შეძლებს. საქმე ისაა, რომ ყოველთვის, როცა წინასწარ აანონსებენ, ეს ტაქტიკურად არასწორია, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით თებერვალში რა სიტუაცია იქნება, რამდენად მზად იქნება საზოგადოება იმისათვის, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოვიდეს. ეს არავინ არ იცის, მათ შორის არც ოპოზიციამ.

„თუ ოპოზიციის საპროტესტო აქციები სალაღობო იქნება, ანუ მცირერიცხოვანი, ის ამინდის შექმნას ვერ შეძლებს და მის იმიჯზეც უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომაც ძალიან ფრთხილი და დიდი მოსამზადებელი სამუშაოა გასაწევი იმისათვის, რომ სერიოზული აქციები დაიწყოს და ეს საპროტესტო ტალღა რაღაც დონით და რაღაც დოზით შეინარჩუნონ.

„მე რომ მკითხოს კაცმა, ჯერჯერობით საზოგადოება ამისთვის მზად არაა და ეს აქციები არც არავის არაფერში არ აინტერესებს. კაცმა რომ თქვას, არავინ თავს არც იმაზე იკლავს, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.

„მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთი თარიღების გამოცხადება სწორი იყოს, თუ რაღაცას აკეთებ და მაინცდამაინც გინდა რომ გაახმოვანო, თქვი, რომ ჯერჯერობით ვემზადებით პროტესტის დასაწყებად და მაშინ უნდა დაიწყო, როცა ამის მუხტი იქნება," - მიაჩნია ძაბირაძეს.