გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ

საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს გეგმა, რომელსაც უწყებათაშორისი საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველია ლოგისტიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე, უნდა მომზადდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა მოსახლეობის ვაქცინაციის დასაწყებად მზად იყოს.

მეორე საკითხია მიზნობრივი ჯგუფების წინასწარ განსაზღვრა, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც.

პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდეგ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რამე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი მწარმოებლის - Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატების შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს.